ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 14
56811
121318
19202122232425
2627282930 

მუნიციპალიტეტის შესახებ: ისტორია

ძველი კოლხეთის ცივილიზაცია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ტეხურის აუზი, სადაც მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი, ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულიდან ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია - ციხე-გოჯი და მერმინდელი სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი მოიკავებდა კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთსა და ეგრისის ქედს.

სენაკის ტერიტორია უძველესი პერიოდიდან იყო დასახლებული. ეს რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით გამოირჩეოდა, რის გამოც ნაქალაქარმა თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში მნიშვნელობა არ დაკარგა. იგი შედიოდა ეგრისის სამეფოს შემდგენლობაში მურვან ყრუს მიერ ნოქალაქევის ტერიტორიაზე არსებული ციხე-გოჯის დანგრევამდე. შემდეგ, აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, თამარ მეფის დროიდან კი - ოდიშის სამთავროში. შუა საუკუნეების დასასრულს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შხეფის ციხე. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ სენაკი კვლავ სამეგრელოს სამთავროში შედის, ხოლო 1867 წლიდან 1917 წლამდე - ქუთაისის გუბერნიაში.

სენაკი, რომელსაც 1921 წელს ეწოდა ქალაქი, მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი იყო. თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის გაყვანამ და რკინიგზის სადგურის მშენებლობის დამთავრებამ ხელი შეუწყო ახალი ქალაქის მნიშვნელობის ზრდას. მან თავისი მდებარეობით მალე დაჩრდილა სენაკის ყოფილი ცენტრი, რომელსაც ძველი სენაკი დაერქვა, დღევანდელ სენაკს კი -ახალსენაკი. 1921 წლიდან, გასაბჭოების შემდეგ, სენაკი მაზრის ცენტრია, რომელიც აერთიანებს აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის რაიონებს. 1930 წლიდან სენაკი დამოუკიდებელი რაიონია, რომელსაც 1935-1989 წლებში ერქვა მიხა ცხაკაია. 1990 წლიდან კვლავ დაუბრუნდა ადრინდელი სახელი - სენაკი.

სიტყვა ,,სენაკი’’ ბერის, მონაზვნის, განდეგილის ცალკე ოთახს ,,მცირე სახლაკს’’ ნიშნავს. აქ ბერ-მონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან ჩქეფდა. მარტო წმინდა ალექსი ბერის (შუშანია) ხსენება რად ღირს, ეს სახელი სენაკელებს დიდ მოვალეობისა და მოწიწების გრძნობას უღვივებს.
სენაკი თავიდანვე კულტურის თვალსაჩინო ცენტრი იყო. ახალსენაკში დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ცხოვრებას. აქ, ძმები თავართქილაძეების სტამბაში იბეჭდებოდა სხვადასხვა წიგნები, მათ შორის ,,ვეფხისტყაოსანი’’,რომლის ეგზემპლარი ინახებოდა ინგლისში, ოლივერ და მარჯორ უორდროპების ბიბლიოთეკაში. 1884 წელს ძველ სენაკში გაიხსნა სათავადაზნაურო სასწავლებელი, როგორც ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ფილიალი, რომელიც მალე ორკლასიანი (ოთხწლიანი) მოსამზადებელი სასწავლებელი გახდა. აქ სწავლობდნენ: სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია, კონსტანტინე გამსახურდია და მისი ძმა.


XIX საუკუნის 80-იანი წლების დამლევს სენაკის ცენტრში გაიხსნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწერალი ვასილ ბარნოვი.

სენაკში აღიზარდნენ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები: აკაკი ხორავა, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, თეოფანე დავითაია, ჟიული შარტავა და სხვანი...

1959 წლიდან ქალაქს ამშვენებს აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის უმშვენიერესი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ხელოვნების გალერეა, 4 მუზეუმი, უმაღლესი სასწავლებლები და კოლეჯები, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ცენტრები, ათეულობით სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა.

სენაკი ბუნებრივი რესურსების სიმდიდრითა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული მხარეა. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს კასტრული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, გოგირდოვანი წყლების რესურსი ნოქალაქევის თემში, ბალნეოლოგიური - მენჯის თემში.

ბოლო წლებში სენაკი განსაკუთრებულად გამშვენდა, კეთილმოეწყო მისი ინფრასტრუქტურა. ქალაქის ცენტრში აიგო ჩუქურთმებში ჩასმული გამორჩეული სილამაზის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი, აშენდა ახალი დაწესებულებები, სპორტის სასახლე და სპორტული კომპლექსები. ქალაქი სენაკი არის სენაკი-ჩხოროწყუს ეპარქიის ცენტრი.

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97

ცხელი ხაზი: 591 44 99 44